მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტი, რომელიც მედიაგარემოს გაუმჯობესებას ეხება, პარლამენტში უკვე შევიდა. საკანონმდებლო ინიციატივა რვა კანონპროექტს მოიცავს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, მედიაში არსებობს ბევრი პრობლემა, რომელთა განხილვაც აუცილებლად კომპლექსურად უნდა მოხდეს.
"ჩვენ მოვამზადეთ 8 კანონპროექტი, რომლებიც კომპლექსურად ეხება მედიაში არსებულ პრობლემებს. კანონპროექტი ეხება როგორც ფინანსურ გამჭვირვალობას, ისე სახელმწიფო სახსრების მართლზომიერ ხარჯვას, ლიცენზირებას, სასამართლო დავების საკითხს, მონოპოლიასთან არსებულ პრობლემებს, საჯარო ინფორმაციის მიღებას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული დიალოგის მომხრე და მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვიმსჯელოთ ამ თემებზე", - აღნიშნა ტუღუშმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ მაუწყებლობის კანონის გარდა, სხვა კანონების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ პრობლემები მედიაში ბევრია და ამას ხედავს არა მხოლოდ 5 ადამიანი, არამედ საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მედიამფლობელთა გამჭვირვალობის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე ოქტომბერში გამოვიდა. მისი განცხადებით, ფართო საზოგადოებისთვის ყველა იმ პირის ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი, რომელიც ამა თუ იმ მედიასაშუალების მფლობელია.