პოლიტიკა
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის, სამთო-სადაზვერვო და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონების ავღანეთში ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები.23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე“ ჩაანაცვლებს. მე-13 ბატალიონის სამხედროებისგან დაკომპლექტებული გაძლიერებული ოცეული საერთაშორისო მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ შეასრულებს. სამთო-სადაზვერვო ბატალიონი კი ყანდაღარის პროვინციაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებს.
ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნა აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გაიარეს.