უცხოეთი
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ყირიმში გათავისუფლებულია

gaiduk-ucx-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი სერგეი გაიდუკი და კიდევ 7 პირი, რომლებიც უწინ ყირიმში დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „კრიმინფო“ იუწყება.

„გათავისუფლება მოხდა სოფელ ჩონგარის რაიონში, ბლოკპოსტებთან. დეპუტატმა ანატოლი გრიცენკომ ასევე განცხადება გააკეთა მისი ვაჟის გათავისუფლების თაობაზე“, - აღნიშნა სააგენტომ უმაღლესი რადას დეპუტატ ანდრეი სენჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

როგორც მანამდე იუწყებოდნენ, „გაიდუკი დროებით დააკავეს პროკურატურის ორგანოებმა, რადგან მის მიმართ კითხვები არსებობს“. ამასთან, უმაღლესი რადას სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელიც უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ყირიმის ხელისუფლებისგან მოითხოვა, ოთხშაბათს, 21.00 საათამდე გაათავისუფლონ გაიდუკი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ადეკვატური ზომების მიღებით“ დაიმუქრა.