სამართალი
ექსპერტი: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები“

Jvaniaსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, განსვენებული ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ უსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი, საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

ექსპერტი ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს:

"უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.