აქტუალური
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონს შეხვდა

traion-akt-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორი. საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი. გუშინ ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.  შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას მომავალში საქართველო, რათა კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება უზრუნველყოს ავღანეთში ნატოს ძალებთან ერთად. ასევე, დღეს გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც დღითი დღე კიდევ უფრო იზრდება, კიდევ უფრო ღრმავდება. ბუნებრივია, იმ ვიზიტის მერე, როგორიც ჰქონდა ჩვენს პრემიერს პრეზიდენტ ობამასთან, ამ თანამშრომლობამ ახალი ათვლის წერტილი აიღო, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე. ამერიკა და ნატო დიდი ინტერესით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ნატო ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. უკანონო ოკუპაცია და რუსეთის ჯარების ყოფნა უკრაინაში, ისევე როგორც ოსეთსა და აფხაზეთში, ერთ კონტექსტში განიხილება", - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა ტრაიონმა.