აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: “ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი კადრების ნახვა ჩემთვის შემზარავი და შოკისმომგვრელი იყო”

kadri-akt-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველ კადრებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ძალიან ბუნდოვან გარემოებებში იპოვეს, რის შესახებაც ადგილი ჰქონდა სპეკულაციებს და ახლაც გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ძალიან მალე ნათელი გახდება, რა მოხდა სინამდვილეში.

„გავრცელებულ კადრებში შეუიარაღებელი თვალით აშკარად ჩანს, რომ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება - თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები და სისხლჩაქცევები. ასევე, რაულ უსუპოვის ცხედარი ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, ძალიან დამაეჭვებელია მისი ტანსაცმელი. ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები, პროკურატურას აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა. დიდი იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახების თანხმობის შემდეგ ცხედრების ექსჰუმაცია მოხდეს. დაველოდოთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე საზოგადოება და ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ სიმართლეს, როგორ მოხდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.