საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ელჩსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველო, 20 მარტი,
საქინფორმი. გუშინ, 19 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა და
რიჩარდ ნორლანდმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის წარმატებული ვიზიტიც იყო.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საინტერესო ხედვა აქვს მიმდინარე მოვლენებთან და რეგიონში არსებულ იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია უკრაინაში შექმნილი ვითარებით. ქვეყნის პირველ პირთან საუბრისას მან დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით გადადგა.
იმავე დღეს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.