პოლიტიკა
შირაკ ტოროსიანი: „ჯავახეთში აჯანყება გარდაუვალია!“

torosiani-polit-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ სექტემბრისთვის შესაძლოა საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Map) მიიღოს, სომხეთის პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში აქტიურად განიხილება საქართველოს ნატოსთან უფრო დაახლოების შემთხვევაში ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების მდგომარეობის საკითხი, რომლებმაც შესაძლოა დამოუკიდებლობის საკითხი დააყენონ, - წერს სომხური ინტერნეტგამოცემა “პანორამა".

საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მის ტერიტორიაზე შესაძლოა თურქული ჯარები განთავსდეს, - აღნიშნავს გამოცემა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკური პარტიის” წევრს და მოძრაობა “ჯავახკის” თავმჯდომარეს შირაკ ტოროსიანს ესაუბრა. დეპუტატი გამორიცხავს რეგიონში სეპარატისტულ მოძრაობას, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთსა და ნატოს შორის ახალ კონფლიქტს წარმოშობს, რაც, თავის მხრივ, მოსკოვსა და თბილისს შორის ახალი დაძაბულობის მიზეზი იქნება და თურქული სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლობის შემთხვევაში პრობლემა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადაინაცვლებს. ტოროსიანის თქმით, საქართველოს, ცხადია, თავისი მიზნები აქვს და შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. თუმცა “არც ერთ შემთხვევაში სომხური ეთნოსი არ მოითმენს თურქული არმიის ყოფნას იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ცხოვრობს”, - აცხადებს ტოროსიანი და აღნიშნავს, რომ თურქული სამხედრო წარმომადგენლობის შემთხვევაში სერიოზული აჯანყება გარდაუვალი იქნება.