საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი: “ აქ განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე”

baza-obS-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში „ლეზერნიკის“ სამხედრო ბაზაზე შტაბის განლაგებაში შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ბატალიონის პირადი შემადგენლობის განლაგების ადგილსაც ეწვია და ქართველი სამხედროების საცხოვრებელი ბანაკი დაათვალიერა.

ყველა ქართველი ვამაყობთ იმით, რასაც ჩვენი ჯარი ISAF-ის მისიის ფარგლებში აკეთებს. ეს სიამაყე ერთი ათად იზრდება, როდესაც აქ მყოფ ჯარისკაცებს პირადად ხვდები. თითოეული მათგანი გმირია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. სიამაყის გრძნობით ივსები, როდესაც ესაუბრები კოალიციის სხვა წევრებს, ისინი მუდმივად აღნიშნავენ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართველი ჯარისკაცის მიმართ და განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს სამგლოვიარო მემორიალი და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ.

პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ  კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იყვნენ.