საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ, 17 მარტს, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზარარ აჰმად ოსმანის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკის, სამხედრო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ქვეყნის პირველმა პირმა ავღანელ სტუმართან ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ISAF-ის მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ქართველ სამხედროებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ზარარ აჰმად ოსმანის იმ კეთილგანწყობისთვის, რომელსაც ავღანეთის მოსახლეობა ქართველი სამხედროების მიმართ იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ ავღანეთში დაგეგმილი სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.