პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე

sabaJo-pol-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. “ჩემს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ორიენტირებულია კანონმორჩილი ბიზნესის თავისუფლად განვითარების ხელშემწყობი, მდგრადი სისტემის შექმნაზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების 2014 წლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღსანიშნავია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება. მანვე ხაზი გაუსვა აუცილებლობას - საქართველომ განავითაროს, გააღრმავოს და განამტკიცოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები, ასევე, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მოაგვაროს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა.

"ყოველივე ზემოთქმულის ცალსახა და ზედმიწევნით შესრულების ერთ-ერთი გარანტი კი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და საჯარო სექტორის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების სამართლიანი ადმინისტრირების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.