აქტუალური
"ევრაზიული არჩევანისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ

zonebi-akt-3საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 16 მარტს, “კოალიცია ევრაზიული კავშირისთვის" ორგანიზებით რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აქცია ვერ შედგა, რადგან კონტრაქციის ფარგლებში მათ უკრაინის მხარდამჭერი საზოგადოების წარმომადგენლები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საელჩოსთან გადმოინაცვლეს.

მათ შორის ერთ-ერთმა,  "თავისუფალი ზონის" წევრმა დავით გოგოხიამ რუსეთის საელჩოსთან მყოფთაგან ერთ-ერთს ტრანსპარანტი დაუხია, რის შემდეგაც პოლიციამ იგი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

გუშინდელ აქციაზე იმავე მუხლით დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელიც  რეფერენდუმის მხარდამჭერი აქციის მონაწილე იყო, თუმცა მოგვიანებით ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

საბოლოოდ, "კოალიცია ევრაზიული კავშირისთვის" წევრებმა აქციის ჩატარება ვერ შეძლეს და ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

აქციაზე მოქალაქეებთან ერთად  პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. მათ  შორის- გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე, აკო მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გიგა ბოკერია, რომლის თქმითაც, ეს სამარცხვინო ხალხი  ვერასოდეს მიაღწევს იმას, რომ საზოგადოების მთავარი პოზიცია   რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და იმპერიის აღდგენის მხარდაჭერა იყოს.

რუსეთის საელჩოსთან აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა კვლავ უკრაინის საელჩოსთან გადაინაცვლა და უკრაინისადმი სოლიდარობა იქ გამოხატა.