აქტუალური
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში ტურისტად ან კერძო ვიზიტით მიემგზავრებიან, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე დარჩენა 6 თვის მანძილზე.მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.
ამასთან, მგზავრებს ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას.