პოლიტიკა
თბილისში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

1-pool-1-glსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თბილისში 12 მარტს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „გლობალიზაციის პრობლემების კვლევის“ ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვიქტორ ცაავა (გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი), ზვიად მირგატია (გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის დამფუძნებელი), ირაკლი უბილავა („პოლიტოლოგთა კლუბის“ თავმჯდომარე), ზაურ გახარია (სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ კოორდინატორი), ტარიელ გაგნიძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე), თამარ კიკნაძე (ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ მთავარი საბჭოს წევრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი), გიორგი მდივანი (ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის დამფუძნებელი), გიორგი გერმანიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი), ნანა დევდარიანი (გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი), ბონდო მძინარაშვილი (სტუდია „ობიექტივის“ ჟურნალისტი და თანადამფუძნებელი), როლანდ ჯალაღანია (გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორი) და ვალერი კვარაცხელია (პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე).

შეხვედრაზე გლობალურ კონტექსტში იქნა განხილული უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოსთვის შესაძლო შედეგები აღნიშნული მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რუსეთის როლი უკრაინის მოვლენებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ჩართულობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს ზ/ა საკითხებზე. დისკუსიამ 2 საათზე მეტ ხანს გასტანა და ყველა გამომსვლელის პოზიცია მკაფიოდ და ვრცლად იყო წარმოდგენილი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეხვედრის მონაწილე სტუმრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გლობალურ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, შესაბამისად, რა სცენარითაც უნდა განვითარდეს ისინი, დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე.

ვიქტორ ცაავა: „ჩვენი ორგანიზაცია - „გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი“ 2005 წელს დაარსდა და იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

ბოლო დროს უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უმნიშვნელოვანესია ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ეს პროცესები სარკისებურად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ქართველ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაგვემართა.

ჩემი აზრით, უკრაინის მოვლენები გლობალურ ასპექტში უნდა იქნეს განხილული და უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით რა სცენარითაც უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოს სხვადასხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად დიდი ძალისხმევა, სიფრთხილე და გონიერება დასჭირდება.

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი დრო სწორედ საქართველოსთვის შესაძლო შედეგების ანალიზს დაეთმო. მოხდა აზრთა გაცვლა. მიმაჩნია, რომ მსგავსი მსჯელობა აუცილებელია იმისათვის, რომ ამ გლობალურ პროცესებში საქართველო უვნებლად გადარჩეს“. 

ტარიელ გაგნიძე: „უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო დასავლეთის გარკვეული ძალების მიერ განხორციელებული მცდელობა, უკრაინაში ანტირუსული, ფაშისტურ-დიქტატორული რეჟიმი დაემყარებინათ. ამ მცდელობამ, ერთი შეხედვით, თითქოს მიზანს მიაღწია, თუმცა დღეს მოვლენების განვითარების პროგნოზირება ძნელია და გაუგებარია, თუ რა შედეგამდე მივა ეს ყველაფერი.

ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე პროცესები ამ ჭრილში არის განსახილველი: უკრაინა ესაზღვრება პოლონეთს (შემთხვევითი არ არის, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პროცესში აქტიურად მონაწილეობს). პოლონეთი, თავის მხრივ, არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც  ბალტიის ზღვაზე გადის, ხოლო უკრაინის სამხრეთი შავ ზღვას ესაზღვრება. ამდენად, თუკი ეს პროექტი გაგრძელდა,  ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების რკალი იქმნება. რუსეთი, როგორც თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამას არ ეგუება და კონტრზომების მიღებას  ცდილობს.

დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობისას ბევრი განსხვავებული აზრი გამოითქვა. საქართველოში დიდი ხანია გაბატონებულია აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების ნათქვამის უპირობო მხარდაჭერა უნდა მოხდეს, ხოლო ამ ყველაფრის უკან რა დგას და რა მიზანს ემსახურება, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს და ლაპარაკობს. ამიტომაც სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხზე დისკუსიები ხშირად უნდა გაიმართოს და საზოგადოებამ  გააანალიზოს კონკრეტული პრობლემების ყველა ასპექტი - ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის“.

თამარ კიკნაძე: „დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.  ვისურვებდი, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები ხშირად გაიმართოს უფრო საჯარო და მასშტაბურ ფორმატში. დღეს აუცილებელია საქართველოს ადგილის და მომავლის განსაზღვრა, რაც მსოფლიოში და, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების საფუძვლიანად შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ჩვენს მეზობელ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ამ ეტაპზე კონკრეტული დასკვნებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ საინტერესოა, რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის ხელისუფლება - მიიერთებს ყირიმს თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. ჩემი აზრით, რუსეთისთვის „მწვანე შუქია ანთებული“ ევრაზიული კავშირის შექმნაზე, უბრალოდ, დღეს ამ პროცესების გაფორმება ხდება. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი აქტივობა, რაც უკრაინის რადამ განახორციელა, რუსული ენის სტატუსის გაუქმება იყო  - ეს გვაფიქრებინებს, რომ დაძაბული გარემო ხელოვნურად იყო შექმნილი და იგი რუსულენოვან და უკრაინულენოვან მოსახლეობას შორის დაპირისპირების პროვოცირებას ემსახურებოდა.

ვფიქრობ, თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, უკრაინა ორ ნაწილად გაიყოფა - პროდასავლურად და პრორუსულად. ერთი ნაწილი ევროკავშირში შევა, ხოლო მეორე - ევრაზიულ კავშირში. 46-მილიონიანი უკრაინის ათვისება ევროკავშირს ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომაც ყველა შექმნილი პრობლემა ხელოვნურად მიმაჩნია“.

გიორგი მდივანი: „დღეს ვრცლად ვისაუბრეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და იმ პარალელებზე, რომლებიც შესაძლოა დავინახოთ ამ მოვლენებსა და აფხაზეთსა და ოსეთში ომის დროს განხორციელებულ ქმედებებს შორის. გამოვყავით ამ მოვლენების სამი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი - ეკონომიკური ომი (რაც დღეს ხდება უკრაინაში), საინფორმაციო ომი (მედიასაშუალებები გაყოფილია და ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება) და რუსეთის გავლენა მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოქმედებებთან მინიმალური საერთო აქვს. თუ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება თავდაცვისთვის განახორციელა, ყირიმში დღეს რუსეთს სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს, რადგან ეს არის თავად მოსახლეობის დაკვეთა. იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეები, რუსეთს დახმარებას სთხოვენ“.

P.S. შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსპერტებმა საუბარი არაფორმალურ გარემოში განაგრძეს. უამრავი არგუმენტირებული პოზიციისა და მოსაზრების გამოთქმის შემდეგ გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო მასშტაბურ ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

1-pool-1 1-pool-2
1-pool-3 1-pool-4
1-pool-5 1-pool-6
1-pool-7 1-pool-8
1-pool-9 1-pool-10
1-pool-11 1-pool-12