საზოგადოება
სოხუმში აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

1-suxumi-obS-2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიამ (ЭРА) შეიმუშავა რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. მისი პრეზენტაცია 2014 წლის 11 მარტს გაიმართა პარტიის და რესპუბლიკის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს ოფისში. (ვიდეორეპორტაჟი ნახეთ აქ)

კონცეფცია წარადგინა ЭРА-ს ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ბესლან ბუთბამ. მისი თქმით, კონცეფცია სამ თემატურ ნაწილად არის გაყოფილი. მათში დაწვრილებით არის გადმოცემული ავტორების ხედვა იმის თაობაზე, როგორ უნდა განვითარდეს, ჯერ ერთი,  რესპუბლიკის რეგიონები, მეორეც ერთი, ეკონომიკის დარგები, ხოლო პროექტის მესამე ნაწილში შეთავაზებული იქნება მეურნეობის ახალი მეთოდები. საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საუბარი იყო კონცეფციის პირველ ნაწილზე. რა უნდა გაკეთდეს, რომ რესპუბლიკის ყველა რაიონი ჰარმონიულად განვითარდეს?

გუდაუთის რაიონში, ბუთბას აზრით, შესაძლებელია ზაფხულის და ზამთრის ტურიზმის განვითარება, მაგალითად, ბზიფის ხეობის გამოყენებით.

კონცეფციის მიხედვით, სოხუმი რესპუბლიკის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად უნდა დარჩეს. დედაქალაქში წარმოების განვითარება მინიმალურად არის საჭირო. თავისუფალი სავაჭრო ზონაა გათვალისწინებული ოჩამჩირეში. მაგრამ, როგორც ბესლან ბუთბამ აღნიშნა, კონცეფციის ღერძია ოჩამჩირეს გარშემო ინოვაციური ქალაქის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება რესპუბლიკის საუკეთესო გონებები. ტყვარჩელი ინოვაციური ქალაქისთვის საწარმოო მოედანი უნდა გახდეს. აქ, ბესლან ბუთბას აზრით, საინტერესოა ჩინეთის გამოცდილება, სადაც რვა ინოვაციური ცენტრია შექმნილი.

კონცეფციის თანახმად, გალის რაიონმა სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის სტატუსი უნდა მიიღოს. დღეს აფხაზეთი ამ სფეროში არსებულ პოტენციალს არ იყენებს. სოფლის მეურნეობის განვითარებას კონცეფციაში მთელი თავები ეძღვნება. ბესლან ბუთბამ რწმენა გამოთქვა, რომ ინვესტორები იქ მიდიან, სადაც მართლწესრიგი და ნდობაა. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ბამბუკის ხელსაყრელი წარმოებით და გადამუშავებით დაინტერესდნენ, რომელსაც სხვა ქვეყნებში საშენ მასალად იყენებენ. პრეზენტაციის შემდეგ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ პარტია ЭРА-ს მიერ შეთავაზებული კონცეფცია შესაძლოა აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების მომავალი პროგრამისთვის კარგი ღერძი გახდეს.