სამართალი
თენგიზ ომანიძე: „ქართული ოცნება“ ძველ ვალდებულებებს შლის

1-tengiz-omanidzeსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა საქართველომ“ საზოგადოებას ამცნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირებები საკუთარი საიტიდანაც წაშალა, განცხადებით გვიპასუხა ხელისუფლების წევრმა ირაკლი სესიაშვილმა. მან განმარტა, რომ ხელისუფლება ახალი პროგრამის დადებას გეგმავს საიტზე და ძველი იმიტომაც წაშალა.

უმჯობესი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ უპირველესად ეზრუნა უკვე გაცემული დაპირებების თუნდაც 1%-ის შესრულებაზე და შემდეგ მიეღო ახალი პროგრამა. უკვე გასაგებია, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ ამ ახალ პროგრამასაც იგივე ბედი ელის, რაც ძველს.

სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება ასე ჯიუტად ცდილობს საინფორმაციო სივრციდან გააქროს ის ვალდებულებები, რაც მას ქართული საზოგადოების წინაშე აქვს აღებული. გვსურს ერთი ფრაზით ვუპასუხოთ ირაკლი სესიაშვილს: ჩვენ ახალი არ გვინდა, ძველი გვირჩევნია!

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც მან საკუთარი საიტიდანაც წაშალა, შეგიძლიათ „თავისუფალი საქართველოს“ საიტზე იხილოთ.