სამართალი
რუსთავის მიკროავტობუსების ბაზარი შარანგიებს გადაეცემათ

1-sharangia-samartaliსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულია გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (სატენდერო განცხადების ნომერი: SPA140006903)  რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე. სატენდერო წინადადებების მიღება მთავრდება ა/წ 14 მარტს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია ის კომპანია, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება (შარანგიების ფინანსური ჯგუფი, რომელიც თბილისის მიკროავტობუსების 100%-ს ფლობს). აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ კომპანიას საქართველოში უკვე შემოყვანილი ჰყავს ათეულობით მიკროავტობუსი (მიკროავტობუსები დიდი დიღმისა და მუხიანის ავტოსადგომებზე არიან გადანაწილებული).

სატენდერო პირობების გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები,  რომლებიც დღეის მდგომარეობით ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ხოლო ის მძღოლები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მუშაობენ მოცემულ მარშრუტზე, დიდი ალბათობით სამსახურის გარეშე დარჩებიან. მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვისა, ისევე როგორც თბილისში, გაიზრდება მგზავრობის საფასური (თბილისში ღირებულება 60%-ით გაიზარდა).

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს თბილისის მერიის  მიერ ანალოგიური ტენდერის გამოცხადებას პ/გ ,,თავისუფალ საქართველოსთან“ ერთად ,,ქართული ოცნებაც“ აპროტესტებდა. დღეს კი, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი ,,ქართული ოცნება“ შარანგიების კლანს გაურიგდა და არათუ არ გადახედა თბილისის კორუფციული ტენდერის შედეგებს, არამედ ერთობლივი ბიზნესის გაფართოებაზეც ზრუნავენ.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა  უკანონო ბიზნესსაქმიანობაშია მხილებული. ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე ბიზნესის საქმეებს დავით კეზერაშვილი განაგებდა, „ოცნების“ კარზე მსგავსი საქმიანობით დაკავდა ჯერ გია ხუხაშვილი, ხოლო ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად სახელდება უჩა მამაცაშვილის სახელი.

მოვუწოდებთ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შეაჩეროს უკანონო ტენდერი, ასევე მთავარ პროკურატურას - დაინტერესდეს ტენდერის გამოცხადების კანონიერებით.