აქტუალური
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 12 მარტს, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა, რომ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე შესაძლოა მოწმის სახით უნგრეთში მყოფი იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც დაიკითხოს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს.
„დაკითხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით მოხდება. ასეთი ორი ფორმა არსებობს – სასამართლოზე გამოცხადება და ტექნიკური საშუალება. ტექნიკური საშუალება გულისხმობს სკაიპს ან სხვა ელექტრონული კავშირის საშუალებას“, - აღნიშნა გიზო უგლავამ.ადვოკატის თქმით, იგი უნგრეთში პირადად იმყოფებოდა და გამოჰკითხა ზურაბ ადეიშვილი. გამოკითხვის ოქმი მისი და ზურაბ ადეიშვილის ხელმოწერითაა დამოწმებული.
დასაკითხ მოწმეთა სიაში უგულავას მხარეს ასევე ჰყავს გიორგი ღვინიაშვილი, შოთა უტიაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, გიორგი საბანაძე, მამუკა ახვლედიანი და სხვები.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.