აქტუალური
საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო რუსეთის სახალხო არტისტ სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი გააუქმეს და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობეს მისი თეატრის ადმინისტრაციას.
"საქართველოში არასოდეს არცერთ მსახიობს არ ჩამოვიყვან, ვინც ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი ფორმით. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას", - განაცხადა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, რომლის თქმითაც, საშინელებაა, როდესაც კულტურის მუშაკები პოლიტიკაში ერევიან.ზემოთქმულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის პალატამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
„დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.