საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ს.გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესუალურ მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეზე ბრალდებულებს - ი.მერაბიშვილს, დ.ახალაიას და ო.მელნიკოვს, ბრალდებულად ყოფნის ვადიდან გამომდინარე, დაუზუსტდათ ბრალდებები საქმის ნაწილობრივ სასამართლოში გასაგზავნად. შეგახსენებთ, რომ დ.ახალაიას და ო.მელნიკოვს საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ორ დამოუკიდებელ ეპიზოდზე, ეს არის ს. გირგვლიანის და ვ. აბულაშვილის ეპიზოდები.
დათა ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით.
ივანე მერაბიშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით.
ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 333-ე მუხლებით.
გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე და 333-ე მუხლებით.
ზემოხსენებული ბრალდებების ირგვლივ ბრალდებულების საქმე დღეს, 12 მარტს, წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ოქროყანის სასაფლაოს ეპიზოდს ს. გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, რომლის შედეგების შესახებ მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით დამატებით აცნობებს საზოგადოებას.
ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით.