საზოგადოება
საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო სერვისების ხალხთან დაახლოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობა ელექტრონული მმართველობის განვითარებას იწყებს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კომისიის წევრებს 2014–2018 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია –„ციფრული საქართველო“ გააცნო, რომელიც 11 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. გადაწყდა, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდეს, ხოლო გაწეული საქმიანობის ანგარიში პრემიერს თვეში ერთხელ წარედგინოს.
კომისიის მიზანი ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაა.