საზოგადოება
არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება

1-arasaparlamentoსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას ერთპარტიულ რეჟიმში მიიღო საარჩევნო კოდექსი. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები და ყველა ცვლილება მთლიანად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.

უპრეცედენტოა ისიც, რომ კოდექსის პროექტი ექსპერტიზისთვის არ გაგზავნილა ვენეციის კომისიაში და მიღებულ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული არც ვენეციის კომისიის და არც ეუთოს არცერთი პრინციპული რეკომენდაცია. ამდენად, ახალ საარჩევნო კოდექსს არაფერი აქვს საერთო ევროპულ სტანდარტებთან.

განსაკუთრებით ცინიკურია ის გარემოება, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა არა ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ თავად მმართველი გუნდის მიერ 2011 წელს შემუშავებულ წინადადებებზე (ე.წ. „რვიანის“ ფორმატში). კონკრეტულად:

ძალაში დარჩა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ამომრჩეველთა არათანაბარი ოდენობით: რაც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, მოიპოვოს მიღებულ ხმებთან შედარებით მეტი მანდატები.

ძალაში დარჩა ამომრჩეველთა იგივე სია. „ქართულმა ოცნებამ“ არათუ ამომრჩეველთა ბიომეტრიულ ვერიფიკაციაზე თქვა უარი, არ მიიღო არცერთი სხვა ალტერნატიული შეთავაზება ოპოზიციისგან.

უპრეცედენტო მონოპოლიას ფლობს მმართველი გუნდი საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე: 13 კომისიის წევრიდან 12 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და 1 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ცენტრალურ და ადგილობრივ მაუწყებლებზე უფასო და ბიუჯეტიდან დაფინანსებული (1.2 მილიონი ლარი) ფასიანი პოლიტიკური რეკლამით   ისარგებლებს მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ როცა ადგილობრივ მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამა გაუუქმეს  „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო რეკლამის გარეშე დარჩნენ ხელისუფლების ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან „დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, ლეიბორისტული პარტია, “ახალი მემარჯვენეები” და „ქართული დასი“.

ერთადერთი, რასაც ოპოზიციამ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მიაღწია, არის მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერის დაწესება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აზრი დაუკარგა ამ მონაპოვარს იმ ცვლილებით, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ეძლევა უფლება, გადაირჩიოს არჩეული მერი. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა არსებითად განსხვავდება იმპიჩმენტისგან, რადგან მერის გადარჩევა საკრებულოს არა სამართლებრივი დარღვევების, არამედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეუძლია.

ყოველივე ზ/ა გამომდინარე, საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების წინაპირობები. დემოკრატიისგან უკუსვლა წარმოადგენს სერიოზულ შეფერხებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგრძელოს რეალური და არა ფორმალური დიალოგი ოპოზიციასთან. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიუკერძოებელი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

 

ახალი მემარჯვენეები                                                                                                               მამუკა კაციტაძე

დემოკრატიული მოძრაობა                                                                                                    ნინო ბურჯანაძე

თავისუფალი საქართველო                                                                                                               კახა კუკავა

ლეიბორისტული პარტია                                                                                                                 გაგა გუგავა

ქართული დასი                                                                                                                    ჯონდი ბაღათურია

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა                                                                                ლევან ვეფხვაძე

10 მარტი, 2014