პოლიტიკა
ბარაკ ობამა - ირაკლი ღარიბაშვილს: „ვიმედოვნებ, შეგხვდებით სამიტის ფარგლებში“

1-obamas-weriliსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით წერილი მიიღო.

წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხების მესამე სამიტის ფარგლებში შეხვდება.

მოუთმენლად ველი ამ სამიტსა და ჩვენი მასპინძლების მიერ შემუშავებულ ინტერაქტიულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ შეგხვდებით ამ სამიტის ფარგლებში. 2010 წელს ვაშინგტონში და 2012 წელს სეულში გამართული ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავდგით იმედის მომცემი ნაბიჯები მთელ მსოფლიოში ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების განსამტკიცებლად. ამასთან, ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ ტერორიზმის საშიშროება რეალურია და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული ტერორიზმის გლობალური კატასტროფა.

ჩვენი თანამშრომლობის შედეგად 2014 წლის სამიტი წარმატებული იქნება და ჩვენ უკეთ დავიცავთ ადამიანებს მთელ მსოფლიოში ბირთვული ტერორიზმისაგან“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბარაკ ობამასგან მიიღო.

ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება. სამიტზე მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზ. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ბირთვული უსაფრთხოების გლობალური  ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი ამგვარი სამიტი 2010 წლის 12–13 აპრილს მოეწყო ვაშინგტონში, მეორე  კი 2012 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.