საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში დღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ჰესის მშენებლობის შეჩერებასთან ერთად ისინი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილისაგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.
ადგილობრივების განმარტებით, 8 მარტს სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ ელოშვილის ბრძანების საფუძველზე მიაყენეს.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 8 მარტს მაღალმთიანი აჭარის სოფ. ღურტას მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჰესის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.
მოსახლეობა მათგან კომპენსაციების მიღებას და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვდა, მათ ჰესის ასაშენებლად გამოყოფილ ადგილზე მორიგეობაც დააწესეს და სამუშაოების დასაწყებად ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძის მოთხოვნით ხულოში, სოფ. ღურტაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, რომელმაც მოსახლეობა დაარბია.