სამართალი
მოშიმშილე მძღოლების საპროტესტო აქცია გრძელდება

1-mZRolebiსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების და ე.წ. ხაზების მეპატრონეთა საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ხაზზე გამოცხადებული კონკურსის მინიმუმ სამი წლით გადადებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით რუსთავის მერიის წინ მოედანზე ცხრა ადამიანი შიმშილობს. ისინი არ აპირებენ დაშლას, სანამ მერია ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსს არ გადაავადებს. ჯერჯერობით მერიის მხრიდან მათ პროტესტს გამოხმაურება არ მოჰყოლია. მოშიმშილე მძღოლები აცხადებენ, რომ რუსთავის მაჟორიტარ ზვიად ძიძიგურს რუსთავში ოფისის კარს აუჭედავენ.

მერიის მითითებების მიხედვით, მათმა უმრავლესობამ საკუთარი ავტოპარკი საბანკო კრედიტებით განაახლა, თუმცა, როგორც ახლახან გაირკვა, ქალაქში სატრანსპორტო მომსახურების უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას ექნება და არა ინდმეწარმეებს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

„26 ათასი დამიჯდა მანქანის გაკეთება. სად წავიყვანოთ ეს მანქანები, ვისაც შეძენილი გვყავს? რომ დამსვან იმ ყვითელ მანქანაზე, ბანკი გადავიხადო, ოჯახი ვარჩინო თუ როგორ მოვიქცე, არ ვიცი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„ბატონი ბიძინა და ყველანი იძახდნენ, მცირე მეწარმეებს შევუწყოთ ხელიო და აქ ნააბაროტ ხდება“, - აცხადებს კიდევ ერთი გაფიცული.