აქტუალური
კაზრეთის საბადოს მუშებსა და პრემიერ ღარიბაშვილის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

1-kazreTi-akt-3საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. კაზრეთის  საბადოს გაფიცულ მუშებსა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეხვედრა  დახურულ კარს მიღმა კაზრეთის საწარმოში იმართება და მას პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მოლაპარაკებებში მედიატორის როლს სპეციალურად შერჩეული  ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ასრულებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები მოსახლეობას საწარმოს გარეთაც ხვდებიან და მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს ისმენენ.

გაფიცული მუშების განცხადებით, ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. გაფიცულები სამსახურში უპირობოდ დაბრუნებას, ხელფასების გაზრდას,  სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კოლექტიურ ხელშეკრულებებზე გადასვლას ითხოვენ.

დაბა კაზრეთის საბადოს მუშები 14 თებერვალს გაიფიცნენ. მათ შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით 7 მარტს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.