აქტუალური
ქუთაისის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო სადისციპლინო კომიტეტი სანქციებს დააწესებს

1-stadioni-akt-2საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ქუთაისში სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე დილიდან მსჯელობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი დღეს სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.

გუშინ 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 59-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "დინამო" სტუმრად "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, მინდორზე ასზე მეტი ქუთაისელი გულშემატკივარი შევარდა და ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის ფანკლუბ "გლადიატორების" წევრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

გუშინდელი ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სანქციები იქნება მაქსიმალურად მკაცრი. გარდა ამისა, გამოსაძიებელია კიდევ ერთი ფაქტი: თუ როგორ მოხვდა ამ რაოდენობის გულშემატკივარი მინდორზე.

„კომიტეტი იმსჯელებს, თუ კონკრეტულად რა სანქციები დაეკისრებათ კლუბებს ან კლუბს. განიხილება როგორც ქუთაისის ეპიზოდი, ასევე გორში მომხდარი ეპიზოდიც, როდესაც მსაჯის მიმართ იქნა გამოხატული აგრესია. არსებული დებულებით მაქსიმალურად შეიძლება მიეცეს 5-თამაშიანი დისკვალიფიკაცია სტადიონს, ძალიან მაღალი ფულადი ჯარიმა და, რა თქმა უნდა, თამაშის სამი გოლით წაგება“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ბოკერიამ.