საზოგადოება
თინა ხიდაშელი: „2008 წელს არანაირი სანქციები არ გამოუყენებიათ რუსეთის მიმართ. ამის ბრალიც არის ის, რასაც ბედავს პუტინის ხელისუფლება“

1-tina-saz-3საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში მიმდინარე პროცესები იქნება მთავარი განსახილველი თემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. მასზე დასასწრებად გვიან ღამით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა. პოლიტიკური კომიტეტის სხდომები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებოდ დაინიშნა. პარლამენტარები ერთობლივ პოზიციებს შეიმუშავებენ და აპრილის სასესიო სხდომებზე წარადგენენ. ხიდაშელის აზრით, ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება უნდა მოითხოვოს და 2008 წელთან შედარებით უფრო მკვეთრი პოზიცია გამოხატოს. დეპუტატის შეფასებით, რუსეთს უნდა შეუჩერდეს ევროსაბჭოში წევრობის სტატუსიც.

„რუსეთი ევროსაბჭოს წევრია, ნატოსგან და ევროკავშირისგან განსხვავებით და ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მკაცრი ამ შეთხვევაში სწორედ ევროსაბჭო უნდა იყოს. 2008 წელს ევროსაბჭო, ჩემი აზრით, არადეკვატურად მოიქცა. არანაირი სანქციები არ გამოუყენებია რუსეთის მიმართ. იმის შემდეგ რუსეთი ისე აგრძელებდა ევროსაბჭოს წევრობას, როგორც თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამის ბრალიც არის ის, რაც დღეს ხდება და რასაც ბედავს პუტინის ხელისუფლება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრმა.