საზოგადოება
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! - წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია “ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ იწყება...

1-eri-saz-2საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება, -  გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს წინადადებით მიიღო.

რეაბილიტირდება კვარცხლბეკი, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო შესყიდვას ორი თვის ვადაში მოახდენს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

მთავრობისვე განკარგულებით, პროექტის დაფინანსება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან მოხდება, რაც დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოიწვევს.

P.S.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

ილია ჭავჭავაძე “ბედნიერი ერი“
1871 წელი