რელიგია
12 საუკუნის შემდეგ დიდი და წმინდა კრება 2016 წელს სტამბოლში შედგება და მასზე აფხაზეთის და უკრაინის ეკლესიების საკითხი განიხილება

1-krebaსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, 5 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სტამბოლში გაემგზავრა. სტამბოლში შეკრებულმა მართლმადიდებელმა პირველიერარქებმა და ეკლესიათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საერთომართლმადიდებლური დიდი და წმინდა კრების ჩატარება გადაწყდა (ხელმოწერის ვიდეოჩანაწერი იხილეთ აქ).

ბერძნული პრესის ცნობით, კრაბა 2016 წელს, სტამბოლში უნდა შედგეს და მასზე, სავარაუდო. აფხაზეთის და უკრაინის ეკლესიების საკითხი განიხილება.

უცნობია რა პრინციპზე შეთანხმდნენ მართლმადიდებელი ეკლესიები, თუმცა აქამდე ბერძნული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ ეკლესიას მსოფლიო კრებაზე ეყოლება 20 წარმომადგენელი და გადაწყვეტილების მიღებისას ექნება ერთი ხმა.

„ამასთან, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიმდინარეობდა დავა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უნდა იყოს ყოველი წევრის თანხმობა თუ უმრავლესობის. მოსკოვის საპატრიარქო მოითხოვს და ამაში მას საქართველოს ეკლესიაც ეთანხმება, რომ კრებამ გადაწყვეტილება თითოეული წევრის თანხმობით, ანუ კონსენსუსით უნდა მიიღოს. საეკლესიო მიმომხილველთა ნაწილის აზრით, მოსკოვი უფრთხის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიად აღიარებას და სურს, საკუთარი თავისთვის ვეტოს უფლება დაიტოვოს. თუ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველი წევრის თანხმობა იქნება საჭირო, ეს ავტომატურად ნიშნავს მოსკოვისთვის ვეტოს უფლებას“, - წერს tabula.ge 

მსოფლიო საპატრიარქო კი თავის განცხადებებში განმარტავდა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსის მიღება თითქმის შეუძლებლად აქცევდა კრების ეფექტიანად წარმართვას. მითუმეტეს მაშინ, როცა წარსულში მსოფლიო კრებების დროს თითოეული წევრის თანხმობა საჭირო არ იყო. მეტიც, კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ისინიც, ვინც შემდგომ ერეტიკოსად გამოცხადებულან.

მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის განცხადებით, უნდა დადგეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული კანონიკური პრობლემები. ავტოკეფალიების მინიჭების წესი, ეკლესიათა ტერიტორიულ იურისდიქციათა მიღმა მცხოვრები მართლმადიდებლების დამწყემსვის უფლებამოსილების საკითხი, სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან და რელიგიებთან ურთიერთობის, ეკუმენიზმისა და სხვა თემები.

1-kreba-1 1-kreba-2
1-kreba-3 1-kreba-4