პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: 10 შეკითხვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს

1-vopros-pol-1-redშეკითხვა №1

ბატონო ბიძინა! საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი აშშ-ში წარმატებული იყო, მინიმუმ, ორი მიზეზით: პირველი - ოფიციალური ვაშინგტონი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების სათავეში საქართველოში, თურმე, შეიძლება განათლებული, ინგლისური ენის მცოდნე ადამიანი იყოს, ოღონდ ამავე დროს, სააკაშვილისგან განსხვავებით, არა შეშლილი, არა ნარკომანი, არა სექსუალური მანიაკი და სისხლიანი დიქტატორი; მეორე მიზეზი - ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი გაფრთხილება მისცა მაია ფანჯიკიძეს მისი არადიპლომატიურად ღრმა დეკოლტეს, მოკლე ქვედაბოლოს და სენატორ მაკკეინთან “მეგობრული” კოცნაობისთვის ქართული დელეგაციის თანდასწრებით, რის შემდეგაც ფანჯიკიძემ აშკარად მოიწყინა და ჩაცმულობა საგარეო საქმეთა მინისტრის შესაფერისზე შეცვალა.

მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, ბატონო ბიძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მიმართაც უფრო დიპლომატიურად უნდა იქცეოდეს? რამდენად დროული იყო პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებები და, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, რომლებიც უკრაინის “ოპოზიციის” (არსებითად, ნაციონალისტური, ნეოფაშისტური ძალებისა სააკაშვილის მეთაურობით)  ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავდნენ და ამავე დროს “ოკუპანტი და აგრესორი” რუსეთის პოლიტიკას გმობდნენ? მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე რატომ არ მოეთათბირნენ ისინი ივანიშვილს, რომელმაც თავის ინტერვიუში 2013 წლის ივნისში თქვა: “არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მოდით ნუ ვიჩქარებთ, მოვლენები იცვლება, ყველაფერს დიალექტიკურ განვითარებაში უნდა შევხედოთ”?

არადა, რუსეთისთვის გაცილებით უფრო უსიამოვნოა, რომ ეს განცხადებები გაკეთდა არა ცნობილი პროვოკატორის, საერთაშორისო ტერორისტის და სამხედრო დამნაშავე სააკაშვილის, არამედ საქართველოს ადეკვატური ახალი ხელისუფლების მიერ, რომელიც სისხლში არ არის გასვრილი და რომლის ხელმძღვანელებთან შეხვედრისთვის პრეზიდენტმა პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა...

 შეკითხვა №2

ბატონო ბიძინა! დესტრუქციული ძალები ექსმმართველი პარტია “ნაციონალისტური მოძრაობის” სახით უკვე აშკარად ემზადებიან რევანშისთვის და ამ მიზნით უკრაინის ტრაგედიით სპეკულირებენ. მათ იმდენი აკრიტიკეს პრემიერი ღარიბაშვილი იმისათვის, რომ მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე მან რუსეთს ოკუპანტი და აგრესორი არ უწოდა, რომ, პრაქტიკულად, აიძულეს გაეკეთებინა მსგავსი განცხადებები ვაშინგტონში ვიზიტის დროს. გასულ კვირას კი, “რუსთავი 2”-ის ტელეეთერში, სვანეთის “გმირმა” ბარამიძემ და მადამ “ესკალЯციამ” (უშიშროების საბჭოს მდივანი 08.08.08. ტყეშელაშვილი, რომელმაც მოდაში შემოიღო ქართულად ამ სიტყვის რუსული “Я”-ს გამოყენებით წარმოთქმა) საქართველოს ახალ ხელისუფლებას პირდაპირ უწოდეს არაფრის მაქნისი, იმიტომ რომ ის რუსეთთან არ ომობს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითო...

ბატონო ბიძინა, ხომ არ გეჩვენებათ, რომ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი ახალი ხელისუფლება დესტრუქციულ ძალებს აჰყვა და უნებლიეთ გაება ცბიერი პროვოკატორების დაგებულ მახეში? განა ნაციონალებს მართლა აინტერესებთ საქართველოს და უკრაინის ბედი? თუ, უბრალოდ, შურთ თქვენი და პრემიერი ივანიშვილის მიერ დაწყებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების პროცესის, სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული კუთხით ახალი ხელისუფლების მიღწევების ანულირება უნდათ, რომლებსაც, მათდა თავზარისდამცემად, შეიძლებოდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მსჯელობა მოჰყოლოდა?

შეკითხვა №3

ბატონო ბიძინა! გამორიცხავთ, რომ ნაციონალების პროვოკაციას აყოლილი და “ევროატლანტიზმის” მხრივ მათზე წინ წასული თქვენ მიერ მოყვანილი ხელისუფლება მალე მოიმკის “კოჰაბიტაციის” ნაყოფს - როდესაც საქართველოში სააკაშვილი დაბრუნდება, აქ ევრომაიდან-2-ს მოაწყობს და ახლანდელ მმართველებს იმავე საკნებში ჩასვამს, რომლებშიც დღეს მერაბიშვილი და ახალაია სხედან? ამის შემდეგ კი საქართველოს დაშლას გააგრძელებს, რომელსაც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები გამოეყოფა, საქართველოს შესვლას ნატოში და ევროკავშირში ისევე რომ არ ეთანხმებიან, როგორც მათი ისტორიული სამშობლოები - აზერბაიჯანი და სომხეთი და როგორც ეს, ალბათ, უკრაინაში, ყირიმში მოხდება?

შეკითხვა №4

ბატონო ბიძინა! ხომ არ იცით, რატომ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება ესოდენ წინდაუხედავად? ვისი იმედი აქვს?! იქნებ ის რეალობას მოწყდა, როგორც ადრე - სააკაშვილის ხელისუფლება, და ვერ გრძნობს, რომ დღითი დღე კატასტროფულად კარგავს ელექტორატს? განა “ქართულ ოცნება” ვერ ხედავ, რომ ტრენდი შეიცვალა და ხალხი, რომელმაც არჩევნებზე მათთვის უკიდურესად არასიმპათიურ პოლიტიკოსებს და ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მარგველაშვილს მხარი მხოლოდ ივანიშვილისადმი მადლიერების ნიშნად დაუჭირა, აწი სუსტებს მხარს აღარ დაუჭერს?! რატომ არ არის დღემდე გახსნილი ჟვანიას მკვლელობა და ყველა სხვა დანაშაული, რასაც ახალი ხელისუფლება უკვე წელიწადნახევარია - მოსვლის პირველივე დღეებიდან გვპირდება?

შეკითხვა №5

ბატონო ბიძინა! საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავდაპირველად 08.08.08 ომის გარემოებათა გამოძიების და სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ გამოაცხადა, შემდგომში რატომ თქვა უარი თავის განზრახვაზე, პასუხისგებაში არ მისცა (ერთხელაც კი არ დაუკითხავს!) სამხედრო დამნაშავე და საერთაშორისო ტერორისტი სააკაშვილი და საშუალება მისცა მას, დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო აშშ-ში, იქიდან ლაფში ამოესვარა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება და, აგრეთვე, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო?

რატომ არიან ციხეში მხოლოდ მერაბიშვილი და ახალაია, რომელთა პროცესები ფარსად იქცა, რომელიც მხოლოდ ამაღლებს მათ რეიტინგს და საზოგადოების თვალში სულ უფრო მეტად ახდენს მათ რეაბილიტაციას? თუ უდანაშაულონი არიან, იქნებ ბოდიში მოვუხადოთ და სასწრაფოდ გავათავისუფლოთ? თუ ჩვენი ხელისუფლება მართლაც იმდენად არაფრის მაქნისია, როგორც ბარამიძე ირწმუნება, რომ მათი ბრალის დამტკიცებაც კი არ შეუძლია?!

არსებობს სხვა ვერსიაც: იცით თუ არა, ბატონო ბიძინა, რას ლაპარაკობენ ხალხში? რომ “ნაციონალებს” ციხეში იმიტომ არ სვამენ, რომ ისინი გამოსასყიდს იხდიან - “მეოცნებეებს” ფულს აძლევენ და თავის ბიზნესებს მათზე აფორმებენ... ნუთუ, ბატონო ბიძინა?! განა ჩვენ ასეთ “ქართულ ოცნებას” მივეცით ხმა?!

შეკითხვა №6

ბატონო ბიძინა! გეკითხებით არა მარტო, როგორც საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ როგორც საფრანგეთის მოქალაქეს: რატომ გაამართლა ამასწინათ საფრანგეთის სასამართლომ 08.08.08. თავდაცვის ექსმინისტრი კეზერაშვილი და გაათავისუფლა ის, როგორც ადრე მისცა პოლიტიკური თავშესაფარი თავდაცვის ექსმინისტრ ოქრუაშვილს, რომელსაც სააკაშვილის დროს, ამას გარდა, გუბერნატორის, შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობები ეკავა? ეს არის ნაქები ევროპული მართლმსაჯულება და დემოკრატია?! ეს არის ის ევროკავშირი, რომელშიც ასე მიისწრაფვის საქართველო?! არადა, ცოტა ხნის წინ, თქვენს ბოლო პრესკონფერენციაზე, სიამაყით აღნიშნეთ, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეები აღძრა...

სხვათაშორის, არცთუ დიდი ხნის წინ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ბრალდება მოუხსნა ოქრუაშვილს, თუმცა ქართულ საზოგადოებას მასთან ბევრი შეკითხვა აქვს. იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოში ნახევარი წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული სამი მთავარი პროკურორი შეიცვალა, ხოლო ჯერ კიდევ სააკაშვილის მიერ დანიშნული მთავარი მოსამართლე კუბლაშვილი ხელშეუხებელი დარჩა? მართალია, რომ კეზერაშვილი მალე საქართველოში, თავის ბოლო ოფიციალურ თანამდებობაზე - ოპერის მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარედ დაბრუნდება?!

შეკითხვა №7

ბატონო ბიძინა! მაპატიონ ღმერთმა და ილია მეორემ, მაგრამ როცა უსმენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთის და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებს სამების საკათედრო ტაძარში, და როცა უსმენ მის განცხადებებს საპატრიარქოში დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკოსთან შეხვედრებისას, შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში - ორი პატრიარქია, იმდენად განსხვავდება  ისინი აზრით.

ბატონო ბიძინა! გასულ კვირას, ევროკომისარ შტეფან ფულეს რომ მასპინძლობდა, ქართველი ერის სულიერმა მამამ რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას? განა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, რომელიც გამუდმებით ქადაგებს გლობალიზაციის ხიფათზე, რომელიც ტრადიციული ქართული ეროვნული ღირებულებების განსახიერებას წარმოადგენს და ამის გამო გამუდმებით განიცდის თავდასხმებს ევროამერიკელების და ლიბერტარიანელების მხრიდან, არ იცის - რით ემუქრება საქართველოს და ეკლესიას ეს ნაბიჯი?

შეკითხვა №8

ბატონო ბიძინა! რატომ დადეს ფსონი დიდმა პრაგმატიკოსებმა - ბიზნესმენმა ივანიშვილმა და ბოლო დრომდე მისმა წარმატებულმა ბიზნეს მენეჯერმა ღარიბაშვილმა - ამერიკასა და ევროკავშირზე? „ნეზალეჟნაია“ და „სამოსტიინაია“ უკრაინა აგერ უკვე 4 თვეა შიმშილის, სიცივის და დეფოლტის ზღვარზე იმყოფება, აშშ და ევროკავშირი კი ფინანსური დახმარების გაწევას მაინცდამაინც არ ჩქარობენ... სააკაშვილის მმართველობის 9 წლის მანძილზე აშშ-მ და ევროკავშირმა რატომ ერთი ქარხანა მაინც არ გახსნეს საქართველოში და ფულს მხოლოდ იარაღისთვის, თავიანთი გავლენის აგენტების - არასამთავრობრო ორგანიზაციების გრანტებზე, ან სესხად იძლევიან, ხოლო რუსეთმა, მისი უბოროტესი მტრის მმართველობის წლებშიც კი, საქართველოს სტრატეგიულ დარგებში, მაგალითად - ენერგეტიკაში, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები ჩადო და, პრაქტიკულად, მათი პრივატიზაცია მოახდინა?

შეკითხვა №9

ბატონო ბიძინა! რატომ ისწრაფვის საქართველო გამუდმებით ნატოს წევრობისაკენ და სტრატეგიულ პარტნიორად აშშ-ს მიიჩნევს, რომელსაც პანიკურად ეშინია პუტინის და რუსეთის ფედერაციის? დღეს ხომ ამერიკა არ წავიდა რუსეთთან საომარ კონფლიქტზე უკრაინის გამო, ისევე, როგორც 2008 წელს - საქართველოს გამო? სამაგიეროდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის და ახალაიას “უსაფუძვლო დევნის”  გამო, ლგბტ-ს და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ “ძალადობის ჩამდენთა” დაუსჯელობის გამო...

შეკითხვა №10

ბატონო ბიძინა! ზემოთ ჩამოთვლილი შეკითხვებიდან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომელზეც თქვენ ამბობდით, როცა პოლიტიკიდან მიდიოდით -  თუკი სამშობლოს დასჭირდება, პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დავბრუნდებიო?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 10 მარტი
საქართველო, თბილისი
www.asavali.ge