საზოგადოება
შაშკინი სკოლის დირექტორებს დაერია

geninspeqcia-skolashi

თბილისის 148-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ვალერიან გიორგაძეს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. "დირექტორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ თეა თუთბერიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ  გიორგაძე ინსპექციაში გუშინ დაიბარეს და უთხრეს, რომ, თუ მისი მეუღლე მაია გიორგაძე, რომელიც 149-ე სკოლის დირექტორია, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას არ დაწერს, თანამდებობის დატოვება ორივე მათგანს მოუწევთ.

ამის გასარკვევად საქინფორმი განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს - ნინო პოტრებსკაიას დაუკავშირდა, თუმცა მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ კომენტარს არ გააკეთებს და ტელეფონი გაგვითიშა. დღესვე მაია გიორგაძე შეუძლოდ გახდა და გულის შეტევით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 148-ე სკოლის დირექტორის - მაია გიორგაძის განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ მას თანამდებობის დატოვება საატესტატო გამოცდების წინააღმდეგ მოსწავლეების მიერ გამართული აქციის შემდეგ მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.