საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. აშშ-ს, რომელმაც ერაყი გაანადგურა, უფლება არ აქვს დაანაშაულოს რუსეთი, რომელიც თავისი საზღვრების განმტკიცებისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ ტუნისის გაზეთი La Presse de Tunisie წერს სტატიაში „კარგი კითხვა ვაშინგტონს“.
გამოცემის აზრით, „კარგი იქნებოდა, აშშ-ს მცირეოდენი თვითანალიზი ჩაეტარებინა“. „მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც მან უნდა უპასუხოს - რატომ აძლევს თავს უფლებას ქვეყანა, რომელმაც რაიმე მიზეზის გარეშე გადაწყვიტა ერაყის განადგურება, დაადანაშაულოს რუსეთი, რომელიც თავისი საზღვრებისა და კანონიერი ინტერესების, ასევე, ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის უსაფრთხოებისაკენ მიისწრაფვის?“
„რუსეთი გრძნობს საფრთხეს თავისი სასიცოცხლო ინტერესების მიმართ დასავლეთის ინიციატივითა და მხარდაჭერით წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო უკრაინაში რუსეთის გავლენის საპირწონედ, - აღნიშნავს გაზეთი, - ეს საქმიანობა დაიწყო 2004 წელს „ნარინჯისფერ რევოლუციასთან“ ერთად და 10 წელიწადია გრძელდება. მან შედეგად მოიტანა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდება“.
გამოცემა ხაზს უსვას, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება უმართებულოდ ადარებს უკრაინის სიტუაციას ტუნისის „ჟასმინის რევოლუციას“, რომელიც 2011 წლის 14 იანვარს მოხდა. გაზეთის აზრით, იქ მომხდარ მოვლენებს საერთო ისა აქვთ, რომ ბრბომ აიძულა პრეზიდენტები ვიქტორ იანუკოვიჩი და ზინ ალ-აბიდინ ბენ ალი, თავისი ქვეყნები დაეტოვებინათ. თუმცა, მსგავსება აქ მთავრდება. „ბრბოს ღიად იყენებდნენ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები და დიპლომატები პრეზიდენტის დასამხობად არა იმიტომ, რომ იგი დიქტატორი იყო, არამედ მისი მჭიდრო კავშირის გამო მოსკოვთან, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელს სულაც არ მოსწონდათ“, - აღნიშნავს გაზეთი.