საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილით მიმართა

1-irakla-saz-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერილით მიმართავს და მოუწოდებს - ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სამიტზე უკრაინასთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა საქართველოსაც გამოუცხადონ. განცხადება ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა ევროპელ ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

შეხვედრას სხვადასხვა უწყების მინისტრების მოადგილეებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს იკრიბება ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სპეციალური სხდომა ქვეყნების მეთაურების დონეზე. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერმა სპეციალური წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებელია დისკუსია საქართველოს ევროპული მომავალის შესახებ, რომელიც მზად არის, არ გადაუხვიოს არავითარ შემთხვევაში ევროპულ არჩევანს. ამ პროცესში საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, სოლიდარობა და, რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.