საზოგადოება
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენ გადავხედავთ ნატო-რუსეთს შორის თანამშრომლობის მთელ რიგ ასპექტებს“

1-anders-fogსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ნატომ რუსეთთან ერთობლივი მისიები შეაჩერა; ასევე დროებით შეწყვეტილია ყოველგვარი მოლაპარაკების პროცესი; ამასთან, ნატო აღარ გააგრძელებს რუსული სამხედრო გემების მხარდაჭერას სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში. ალიანსი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მინისტრებს აპრილში შეკრებს. ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

„ნატომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადადგას რამდენიმე ეფექტიანი ნაბიჯი. ჩვენ შევწყვიტეთ ნატო-რუსეთის ერთობლივი მისიისთვის მზადების პროცესი. ასევე გადავწყვიტეთ, რომ არ ჩატარდება რუსეთთან სამოქალაქო ან სამხედრო შეხვედრები. ჩვენ გადავხედავთ ნატო-რუსეთს შორის თანამშრომლობის მთელ რიგ ასპექტებს. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტილებას აპრილის დასაწყისში მიიღებენ. ყველა ეს ნაბიჯი კი არის მკაფიო გზავნილი, რომ რუსეთის ქმედებებს მოჰყვება შედეგი. ამასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ ინტენსიური პარტნიორობა უკრაინასთან, დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების მიზნით“, - განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ის დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რათა მკაფიოდ დააფიქსიროს უკრაინისადმი ნატოს მხარდაჭერა.