პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: „რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო და მოახდინოს მისი ტერიტორიების დეოკუპაცია“

1-jafariZe-pol-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. უკრაინის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი დღეს კვლავ მთავარი თემა იქნება პარლამენტის სხდომაზე. გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებებისა და მრავალმხრივი კონსულტაციების მიუხედავად, უმრავლესობამ და უმცირესობამ ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა. უთანხმოების მთავარი საგანი ტექსტში სანქციებისა და დეოკუპაციის შესახებ განცხადების არსებობაა.

საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ მოითხოვს, რომ რეზოლუციაში ჩაიწეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების საკითხი, ასევე ისინი ითხოვენ, რომ ყირიმისა და საქართველოს დეოკუპაციის თემა ერთიან კონტექსტში იყოს მოხსენიებული.

„მოლაპარაკების პროცესში ჩვენ წავედით რამდენიმე დათმობაზე, მაგალითად, სიტყვა იზოლაცია, რომლის ხსენებაც მათ არ სურთ, ამოღებული იქნა ტექსტიდან. არის რაღაც საკითხები, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის პრინციპული და რომლის დათმობსაც ჩვენ არ ვაპირებთ: ერთი, რომ რუსეთს უნდა დაუწესდეს სანქციები - ამ სიტყვას იყენებს გერმანიის კანცლერი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ა.შ. მეორე არის ის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს გათვალისწინებული, როცა დასავლეთი ესაუბრება რუსეთს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და უნდა მოხდინოს რეგიონის დეოკუპაცია, ამავე კონტექსტში იყოს საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო და მოახდინოს მისი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თავის მხრივ, იმედოვნებენ ოპონენტებთან ერთობლივი დუკუმენტის მომზადებას, წინააღმეგ შემთხვევაში შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი შეიმუშაოს.

უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუციის შესახებ კონსულტაციები დღეს ოთხ საათამდე უნდა დასრულდეს, რადგან სწორედ 4 საათზეა დანიშნული რიგგარეშე სხდომა, სადაც ერთადერთი საკითხი - რეზოლუციის პროექტი განიხილება.