საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სამშაბათს კომენტარი გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამონათქვამებს უკრაინის შესახებ.
პუტინმა პრესკონფერენციაზე უკრაინაში მომხდარი დაახასიათა, როგორც ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდება და განაცხადა, რომ უკრაინაში ფორმირებული ხელისუფლების ორგანოებიდან ნაწილობრივ ლეგიტიმურად მიიჩნევს პარლამენტს, დანარჩენს კი არალეგიტიმურად. უკრაინაში ჯარების შეყვანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელზეც ფედერაციის საბჭოს სანქცია გაიცა, პუტინმა განაცხადა: „ ჯერჯერობით ასეთი აუცილებლობა არ დგას, თუმცა შესაძლებლობა არის“.„პრეზიდენტ პუტინს, როგორც ჩანს, იურისტების სხვა ჯგუფი ჰყავს. შესაძლოა, ინტერპრეტაციების სხვა ნაკრებიც ჰქონდეს. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ვინმე გააბრიყვოს“, - განაცხადა ობამამ ვაშინგტონში გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ მისგან სხვა ქვეყნების ჩამოშორებას გამოიწვევს. „რუსეთის მახლობლად მდებარე ქვეყნები ღრმად შეშფოთებული არიან და დიდი ეჭვი აქვთ საქმეებში ამგვარი ჩარევის თაობაზე“, - აღნიშნა ობამამ. „ეს სხვა ქვეყნებს რუსეთისგან შორს დააჭერინებს თავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კიევში 22 თებერვალს ხელისუფლება შეიცვალა და ამას სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები ჰქონდა. რადამ ხელისუფლებას ჩამოაშორა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, შეცვალა კონსტიტუცია, სახელმწიფო მეთაურის მოვალეობების შესრულება სპიკერ ალექსანდრე ტურჩინოვს დააკისრა და საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისისათვის დანიშნა. იანუკოვიჩმა დონის როსტოვში განაცხადა, რომ იძულებული იყო უკრაინა დაეტოვებინა ფიზიკური ანგარიშსსწორების მუქარის გამო და უწინდებურად რჩება სახელმწიფოს კანონიერად არჩეულ მეთაურად.
რუსეთი რადას გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს და აუცილებლად მიაჩნია იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შესრულება უკრაინაში არსებული კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით.
მოსკოვი მოუწოდებს 21 თებერვლის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ, კონსტიტუციური რეფორმის პროცესის დაწყების ჩათვლითა და უკრაინის ყველა რეგიონის აზრის გათვალისწინებით და მონაწილეობით.
როგორც უწინ იტყობინებოდნენ, ყირიმის პრემიერმა რფ-ის პრეზიდენტს მიმართა მხარდაჭერის თხოვნით, მშვიდობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყირიმში. ამის შემდეგ პუტინმა ფედერაციის საბჭოში შეიტანა მიმართვა რფ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებამდე ამ ქვეყანაში. ზედა პალატამ ამაზე თანხმობა განაცხადა.