საზოგადოება
პუტინი: “აშშ მკაფიოდ აყალიბებს თავის გეოპოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მისდევს მათ, მერე კი მთელ მსოფლიოს საკუთარ თავზე ირგებს, ხოლო ვინც არ ერგება, იმდენს ურტყამენ, სანამ ბოლოს და ბოლოს, როგორც წესი, არ დაჯაბნიან”

1-USA-6საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“ჩვენ ხშირად გვადანაშაულებენ ჩვენი ქმედებების არალეგიტიმურობაში, ხოლო როცა შეკითხვას ვსვამ: “მიგაჩნიათ, რომ თქვენთან ყველაფერი  ლეგიტიმურია?” - ამბობენ: “დიახ”. იძულებული ვარ, გავახსენო აშშ-ის მოქმედება ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სადაც ისინი ან გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველგვარი სანქციის გარეშე მოქმედებდნენ, ან ამ რეზოლუციების შინაარსი დაამახინჯეს, როგორც ეს ლიბიაში იყო. იქ, როგორც ცნობილია, გაწერილი იყო მხოლოდ სამთავრობო ავიაციისთვის ცის დაკეტვის შესაძლებლობა, ყველაფერი კი დაბომბვებით და სახმელეთო ოპერაციებში სპეცრაზმის მონაწილეობით დამთავრდა. ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ-ში, ყოველთვის ნათლად, მკაფიოდ აყალიბებენ თავის გეოპოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დაჟინებით იცავენ მათ, მერე კი, ხელმძღვანელობენ რა ცნობილი ფრაზით “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი წინააღმდეგია” - მთელ მსოფლიოს საკუთარ თავზე ირგებენ, ხოლო ვინც არ ერგება, იმდენს ურტყამენ, სანამ ბოლოს და ბოლოს, როგორც წესი, არ დაჯაბნიან.

ჩვენი ამოსავალი სხვაა... თუ შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ, ის ლეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებთან მთლიანად შესაბამისი იქნება, რადგანაც ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური პრეზიდენტის მომართვა, და ჩვენი ვალდებულებების შესაბამისი, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ემთხვევა ჩვენს ინტერესებს - დავიცვათ ის ადამიანები, რომლებსაც ისტორიულად, საერთო კულტურის თვალსაზრისით, ეკონომიკურად ჩვენთან მჭიდროდ დაკავშირებულად მივიჩნევთ. ეს შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - დავიცვათ ეს ადამიანები. და ეს ჰუმანიტარული მისიაა. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ვინმე დავიმონოთ, ვინმეს რამე ვუკარნახოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, განზე ვერ გავდგებით, თუ დავინახავთ, რომ მათ დევნას, განადგურებას, დამცირებას იწყებენ”.