საზოგადოება
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი: “შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება”

min-lavrov-sazogad-3საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 3 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გამოვიდა. კერძოდ, მან კომენტარი გაუკეთა უკრაინის სიტუაციას. მისი თქმით, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მზადება პროვოკაციებისთვის რფ-ის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ.

“შემოდის ინფორმაცია ახალი პროვოკაციების მზადების შესახებ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე”, - თქვა მინისტრმა.

ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შესაძლო შეყვანის თემასაც შეეხო.  ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს მხოლოდ კეთილი მიზნები აქვს - დაიცვას რუსები და ადამიანის ყველაზე მთავარი უფლება - სიცოცხლის უფლება. გარდა ამისა, ლავროვმა დასძინა, რომ ყირიმის არჩეულმა ხელმძღვანელობამ თავად ითხოვა ნახევარკუნძულზე “სიმშვიდის აღდგენაში ხელის შეწყობა”, გადმოსცემს “რია ნოვოსტი”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთს მოუწოდა, რუსეთს სანქციებით არ დაემუქროს. “ისინი, ვინც ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია ლამის რაღაც აგრესიად განმარტოს, ყოველგვარი სანქციებით და ბოიკოტით იმუქრებიან - ეს იგივე ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და დაჟინებით აქეზებდნენ მათთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს ულტიმატუმის, დიალოგზე უარის თქმის, უკრაინის სამხრეთისა და დასავლეთის შეშფოთების იგნორირების და, შედეგად - უკრაინული საზოგადოების პოლარიზაციისკენ”, - განაცხადა მინისტრმა.