აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა

prez-saubari-akt-3საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილა.

პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროანტლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე.

საუბრის დასასრულს ბრონისლავ კომოროვსკიმ გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში დაპატიჟა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მოიწვია.

გუშინვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულის ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენა განიხილა.

პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელვნია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის.