უცხოეთი
ყირიმის ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩს დაემორჩილება
premier-kriaსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ყირიმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პარტია - „რუსკოე ედინსტვოს“ ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა, რომელიც პარლამენტარებმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურად დანიშნეს, უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელიც უმაღლესმა რადამ გადააყენა, ვიქტორ იანუკოვიჩი დაასახელა და განაცხადა, რომ მას დაემორჩილება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. „ჩვენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი მიგვაჩნია და მის განკარგულებებს შევასრულებთ,“ - განმარტა აქსიონოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს, რომლის პირობებსაც იანუკოვიჩთან შეათანხმებენ.
„ჩვენს რთულ დროში, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია დახმარების ხელს გამოგვიწვდის, მათ შორის ფინანსურადაც იმისათვის, რომ ყირიმმაც შეძლოს თავისი პოლიტიკური სიტუაციის შექმნა“, - მოჰყავს სააგენტოს დეპუტატის სიტყვები.
უკრაინის მოქმედ პრეზიდენტად იანუკოვიჩს თვლის ყირიმის უმაღლესი საბჭოს სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვიც.
„ყირიმის უმაღლესი საბჭო ლეგიტიმურად არჩეული ორგანოა. დღეს ჩვენ გვყავს მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ უფლებამოსილებები არ მოუხსნია“, - აღნიშნა კონსტანტინოვმა.