აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩემმა ქვეყანამ ევროპიზაციის გზა აირჩია“

kolumbiaსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგული რჩება. 
პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებასაც შეეხო. „ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯების მიზანია დაძაბულობის შემცირება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში პრობლემებად რჩება ჩვენს ურთიერთობაში. ჩემმა ქვეყანამ აირჩია საქართველოს გზა, რაც ქვეყნის ევროპიზაციას გულისხმობს... ვფიქრობ, 3-4 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაინახავენ განსხვავებას, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ ცხოვრობენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია და მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. 
სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები საქართველოს მთავრობის სამომავლო სტრატეგიისა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებაც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოება, რომ პროცესის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გარანტირებულია.