აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

dasrulda-akt-2საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებთან, მათ შორის: თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კაპიტოლიუმში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მადლობა გადაუხადა მეგობრული და სანდო პარტნიორული თანამშრომლობისათვის.

თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირებმა ხაზგასმით დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, ასევე, ორმხივი შეხვედრები გამართა 30-ზე მეტ ყველაზე გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსთან. მათ შორის არიან: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სენატორები ჯონ მაკკეინი, როი ბლანტი, კარლ ლევინი, ჯეფ სეშენსი, დიკ დურბინი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, აგრეთვე კონგრესმენები მაიკლ კონავეი, უილიამ კიტინგი, ტედ პო, ადამ კინზინგერი, დავინ ნუნიე, ადამ სმიტი, ნიტა ლოუისი, ელიოტ ენგელი, ედ როისი, ტედ დოიჩი, ნენსი პელოსის, სტენი ჰოიერი, მაიკლ კონავეი, მაიკლ ტერნერი, ბაკ მაკკეონი.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა რამდენიმე წამყვან მედიასაშუალებას.