სამართალი
იცვლება მართვის მოწმობის მოქმედების ვადები, აგრეთვე მართვის მოწმობის შეცვლის და აღდგენის წესები

prava3საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორი. 2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 15 წელი;

ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 5 წელი.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც, კერძოდ:

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარმოდგენის საფუძველზე.

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.

2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასასვლელად, აგრეთვე, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად ან დაზიანებული მართვის მოწმობის შესაცვლელად, სავალდებულო იქნება დაინტერესებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) სააგენტოში წარმოდგენა.