სამართალი
ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

Merabishviliსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნო და 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად   4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.

სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაში დამნაშავედ ცნო, სასამართლოს ეზოში მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე 5 პირი დააკავა.