საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამა წლის 31 იანვარს საქინფორმმა განაცხადა, რომ „საქინფორმის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მას კომპეტენტურმა წყაროებმა მიაწოდეს, კეზერაშვილს ორშაბათამდე სიმბოლური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ“. და აი დღეს ჩვენი პროგნოზი კიდევ ერთხელ გამართლდა - საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა ფრანგი პროკურორის განცხადებას, ვინაიდან კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის სასამართლომ. იმიტომ, რომ ორივე საქმე ჩემ წინააღმდეგ იყო აბსოლუტურად ხელოვნური“, - განაცხადა კეზერაშვილმა.
საბოლოო გადაწყვეტილება ფრანგმა მოსამართლემ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „ვინაიდან დავით კეზერაშვილის წარსული უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას, ამიტომ მისი ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს სერიოზული ეჭვი და საფრთხე იმისა, რომ შესაძლოა განხორციელდეს მის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა“.
კეზერაშვილს მოეხსნა ე. წ. ელექტრონული სამაჯურიც, რომლის საშუალებითაც ხორციელდებბოდა მასზე ზედამხედველობა. ის სრულებით თავისუფალია და შეუძლია დატოვოს საფრანგეთის ტერიტორია.
გავრცელებული ინფორაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა საკასაციო წესით დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ვერდიქტი უკვე საბოლოოა და ის აღარ შეიცვლება.
რაც შეეხება საქართველოში კეზერაშვილის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ის არ შეწყდება და სასამართლო პროცესებიც ჩვეულებრივად გაგრძელდება.