აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

erevan-akt-3საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ქვეყნის პირველ პირს „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა. ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში გაემართა, სადაც პირისპირ შეხვდება სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს.

ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებასაც ეწვევა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანს შეხვდება. სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.