პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

msoflio-bank-pol-3საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. მთავარია ხალხი და მისი განათლება - ამგვარი განცხადება გააკეთა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას. შეხვედრა პრემიერ–მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრეს. მსოფლიო ბანკი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა ქართული სამთავრობო დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა. საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემაში სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ჰპირდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ჩვენმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. ჩვენ გვინდა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი, პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2014 წელს საქართველო 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მისი შეფასებით, მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზებიც ოპტიმისტურია.