რელიგია
ცოტნე გამსახურდია: "ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთათვის ამა ქვეყნისა ლოცულობდა?!"

cotne-saz-2-rel-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია მამა გაბრიელის საფლავის გახსნის თანმდევ პროცესებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„მამა გაბრიელი ჩემი მომნათლავი (და არა ნათლია, როგორც ეშლებათ ხოლმე) მღვდელი იყო...ორმოცი დღისა ვიყავი, როცა ეს მომხდარა: მამაჩემს ოფიციალური რელიგიის მესვეურებმა გასაგები მიზეზების გამო ყველგან უარი უთხრეს და რიტუალი მამა გაბრიელის სამლოცველო სახლში აღსრულდა, რომელიც მას ჰქონდა "იატაკქვეშ" მოწყობილი.

... ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელიც კია, რამდენიმე მიზეზის გამო:

არ უნდა მომხდარიყო ადამიანების რანჟირება, მათი ადგილზე შეშვება თანამდებობრივი თუ სოც. სტატუსის მიხედვით... ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!

სრულიად ამაზრზენია ე.წ. "რელიგიურ-პატრიოტული" მედიის საქციელი... მორჩით ამ სპეკულირებას უხრწნელობით და რაღაც ნეკროფილურ ვნებებს, ფოტოკოლაჟების და უბრალოდ სიყალბის ჩვენებას...

რწმენისათვის, გონისათვის დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არა აქვს. აკი გაბრიელ ბერის ღვაწლიც ერთი სენაკიდან აღსრულდებოდა. არ არის აუცილებელი იქ პირადად მისვლა, მიწაზე განრთხმა თუ ძვლებთან ჩახუტება, არც საკრედიტო ბარათების საფლავზე დაწყობა!..“ - წერს ცოტნე გამსახურდია.