საზოგადოება
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გასულ შაბათს, ა.წ. 22 თებერვალს, "დინამო არენაზე" რაგბის მატჩი უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. მატჩის დაწყებისას რუსეთის ჰიმნს ქომაგები სტვენით შეხვდნენ (ვიდეოს უყურეთ აქ).
გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე საქართველოს და უკრაინის დროშებით მივიდა. "დინამო არენაზე" საქართველო–რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შეხვედრის დაწყებამდე, როცა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, ქართველი გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "უკრაინა!", და უკრაინის დროშის ფერებში ფორმატის ფურცლები ჰქონდათ აწეული. ამას გარდა, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გამოფენილი იყო პლაკატი: "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!". შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მატჩისშემდგომ საპატიო წრეზე ქართველმა რაგბისტებმა ააფრიალეს პლაკატი: "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა!". საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 36:10 ანგარიშით დაამარცხა.